ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი — ფრინველებზე დაკვირვება და მისასვლელი გზა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ქალაქიდან დაახლოებით 9 კილომეტრში, მწვანე კონცხზე, შავი ზღვის სანაპიროზე. იგი დაარსდა 1912 წელს და გამოირჩევა სუბტროპიკული მცენარეულობის მრავალფეროვნებით, კოლხური ტყის მონაკვეთებითა და შავ ზღვაზე გადაშლილი პანორამული ხედებით.

ბაღში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონის მცენარეთა კოლექციები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების კორომები, ბუჩქნარები და ბუნებრივი ტყის ჰაბიტატები, რაც საინტერესო გარემოს ქმნის ადგილობრივ და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის.

ფრინველებზე დაკვირვება

ბათუმის ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებით საინტერესოა ტყის ფრინველებზე დაკვირვებისთვის. აქ შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის კოდალას, შავთავა ხეცოციას, მოლაღურის, ბუზიჭერიების, ასპუჭაკების, ჭივჭავებისა და სხვა ბეღურასნაირი ფრინველების ნახვა. ბაღის მიმდებარე წყლის ნაკადულებთან შესაძლოა წყლის შაშვიც შეგხვდეთ.

ფრინველებზე დაკვირვება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო პერიოდებია აპრილი–მაისი და აგვისტოს ბოლო–ოქტომბერი. გაზაფხულზე აქტიურობენ მობუდარი ფრინველები, ხოლო შემოდგომაზე ბაღის მრავალფეროვან მცენარეულობაში გადამფრენი სახეობები ჩერდებიან.

დაკვირვებისთვის რეკომენდებულია დილის საათები, როდესაც ფრინველები უფრო აქტიურები არიან და ვიზიტორთა ნაკადიც შედარებით ნაკლებია.

როგორ მივიდეთ

მდებარეობა: ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მწვანე კონცხი — იხილეთ Google Maps-ზე

ბათუმიდან ბოტანიკურ ბაღამდე მისვლა შესაძლებელია საკუთარი ავტომობილით, ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ბაღს რამდენიმე შესასვლელი აქვს, ხოლო ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები.

რელიეფი ზოგიერთ მონაკვეთზე დაქანებულია, ამიტომ სასურველია კომფორტული ფეხსაცმლის გამოყენება.

სასარგებლო რჩევები

ფრინველებზე დაკვირვებისთვის რეკომენდებულია დაახლოებით 2–4 საათის გამოყოფა. თან იქონიეთ ბინოკლი, სასმელი წყალი და ამინდის შესაბამისი ტანსაცმელი.

ტყის ფრინველებზე დაკვირვებისას სასურველია ნელა გადაადგილება და მათი ხმების მოსმენა, რადგან ხშირ მცენარეულობაში ფრინველების შემჩნევა ზოგჯერ რთულია.

გთხოვთ, გადაადგილდეთ არსებული ბილიკებით, მოერიდოთ ფრინველების შეწუხებას და გაუფრთხილდეთ ბუნებრივ გარემოს.

დამატებითი ინფორმაცია: ბათუმის ბოტანიკური ბაღი — ოფიციალური ვებსაიტი