ზღვისპირა პარკები

ზღვისპირა პარკები

გარუჯვისა და კოქტეილ ბარების გარდა, ბათუმის სანაპირო ასევე ფრინველებზე დაკვირვების კარგ სანახაობასაც გთავაზობთ. ამისთვის საუკეთესო ადგილია ბათუმის ბულვარი, ბათუმის ნავსადგურის რამდენიმე მინდვრიანი ადგილი და ბოტანიკური ბაღი. წვიმიან დღეებში აქ განსაკუთრებით ბევრ გადამფრენ ფრინველს დაინახავთ, და კაფეც ყოველთვის ახლოსაა, თუკი მაგრად გაგიწვიმდებათ. ბათუმს ძალიან კარგი ზღვისპირა ბულვარი აქვს. მის გვერდზე დიდი ტერიტორია ბალახითაა დაფარული, რომელიც შეიძლება მშენებლობების გამო სამომავლოდ გაუჩინარდეს. პარკში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, ხშირად გვხვდება ბეღურასნაირნი. აქ პატარა მემატლიების უამრავი რიცხვია, ხოლო ბულბულები სასეირნოდ ძალიან კარგ ფონს ქმნიან. მაქცია, ბოლოცეცხლა, მწვანე ყარანა, კავკასიური ყარანა და რუხი მემატლია აქ უხვად შეგხვდებათ, ზოგჯერ კი იშვიათ ფრინველსაც წააწყდებით. ფიჭვის ტოტები შეამოწმეთ, იქ მძინარე უფეხურას და წყრომს დაინახავთ. ჩრდილოეთ მხარეს თუ წახვალთ, ბალახით დაფარულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებით , ეშმაკის ბორბალთან ახლოს. ეს ნამდვილად კარგი ადგილია ყველანაირი გადამფრენი ფრინველისთვის და ღირს აქ მოსვლა ერთი საათიც რომ გრჩებოდეთ განკარგულებაში. ამ ადგილისთვის დამახასიათებელია მწყერი, გვრიტი, ჩვეულებრივი და ბაღის გრატა, მიმინოსებრი ასპუჭაკა, ცისფერგულა, ბაღის ლელწამა, ჭრიჭინა მეჩალია, მწყერჩიტა, შავშუბლა და რუხი ღაჟო. თუმცა, ეს ბათუმია და ყოველთვის მზად უნდა იყოთ სიურპრიზისთვის!

რადგან ბათუმი მთავარ სამიგრაციო მარშრუტზე მდებარეობს, იშვიათი ფრინველის ნახვის შანსი აქ მკვეთრად იზრდება. ღამით განათებები გადამფრენი ჩიტების დიდ ნაწილს იზიდავს. სანაპიროს გასწვრივ სადმე თუ ხეები ან ბუჩქებია, იქ აუცილებლად საუცხოო ჩიტებსაც წააწყდებით!

ბეღურასნაირნი სახეობიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა (ასობით დაფრინავს შემოდგომაზე) და ბაღის ლელწამა. ბევრი სხვა ჯიშის ფრინველი, როგორიცაა: ციმბირული ოვსადი, მდელოს ოვსადი, ჩვეულებრივი მეღორღია, ცისფერგულა, პატარა მემატლია, ღაჟო და ბაღის გრატა, ხშირად ფიქსირდება BRC-ს პროექტის დროს. ბევრი ბეღურასნაირთა საინტერესო სახეობა შეიმჩნევა დაკვირვების დროს. ესენია: მაქცია, ოფოფი, ცეკვია მეღორღია, ჩვეულებრივი მეღორღია, მიმინოსებრი ასპუჭაკა, ბუტბუტა, ჭრიჭინა მეჩალია, ჭრიჭინა ლელწამა, მეფეტვია, ჩვეულებრივი კოჭობა, ბაღის ლელწამა, შავშუბლა ღაჟო... სხვა ჩანაწერებში დაფიქსირებულია თვალჭყეტია, ბაიყუში, წყრომი, უფეხურა, ბევრი მწყერი, ერთი ჩვეულებრივი და ერთიც ყვითელწარბა ყარანა და ა. შ.

განსაკუთრებით წვიმიანი ღამეების შემდეგ, ბეღურასნაირნი აკეთებენ შესვენებას და თავშესაფარს ყველაზე შეუსაბამო ადგილებში პოულობენ. როცა წვიმა დღის განმავლობაშიც გრძელდება, ბევრ გადამფრენ ქვიშაქექიას, იხვსა და ზღვის ფრინველს მარტივად დაინახავთ ნაპირიდან. დაკვირვების შედეგად დაფიქსირდა მეზღვიასებრნი, მეჭვავიასნაირთა რიგის ფრინველები, პატარა ქარიშხალა, ველის მერცხლები და 130-მდე მრგვალნისკარტა ტივტივა... ამინდის ასეთ პირობებში წყლის ძუძუმწოვრები - ჩვეულებრივი დელფინი და ზღვის ღორი, ნაპირთან ახლოს მოდიან და ზღვის პეიზაჟს ამშვენებენ.