სოფელი სახალვაშო სასწაული ადგილია. ის გვთავაზობს ქალაქ ბათუმის და ქობულეთის მთისწინეთის საოცარ პანორამას. სახალვაშო ერთი მხრიდან ზღვასა და ბოტანიკურ ბაღს გადაჰყურებს, ხოლო მეორედან მტირალას ეროვნულ პარკს. იგი ბათუმი რაფტორ ქაუნთის პირველ სადამკვირვებლო სადგურს წარმოადგენს 2008 წლიდან. მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა ლანდშაფტის მწვერვალზე, ზუსტად სადაც კოლხეთის მთები უერთდება ზღვას, შეუდარებელია მტაცებელი და სხვა გადამფრენი ფრინველების სათვალთვალოდ. მთავრობის დახმარებით, გასწორებულ მთის წვერზე თავშესაფარი და პლატფორმა აშენდა, რომელსაც სამეთვალყურეო მიზნებით იყენებენ. ის რამდენიმე საოჯახო სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს, მაგრამ პლატფორმაზე ასვლას 10-15 წუთი მაინც სჭირდება. სამეთვალყურეო პლატფორმა საშუალოდაა კეთილმოწყობილი, მაგრამ იქ არის საპირფარეშო და გადახურული შენობა. გაითვალისწინეთ, რომ მზე იქ მაგრად აცხუნებს, ელჭექიც ხშირია და შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.
შემოდგომის განმავლობაში ფრინველების მიგრაციის სანახაობა აქ ძალიან შთამბეჭდავია. აგვისტოს მიწურულს ბოლოკარკაზის სეზონი იწყება. სეზონის დასაწყისში აქ უნდა მოხვიდე მზის ამოსვლის დროს, როცა ასობით და ათასობით ქორისებრნი ცას გადაუფრენს. სექტემბრის მეორე კვირიდან მიგრაცია უფრო მრავალფეროვანი ხდება. უფრო მეტი შავი ძერა და ჩია არწივი უერთდება თავის გუნდებს, ხოლო ქორცქვიტა და მდელოს ძელქორი ფრინველთა ნარევს უფრო მეტ ელფერს მატებენ. ძალიან სახალისოა ათასობით ოქროსფერ კვირიონზე ყურება, რომლებიც ცაში კრუტუნებენ. შეიძლება წააწყდეთ მწვანე კვირიონსაც, თუმცა იგი უფრო ჭოროხის დელტასთან შეიმჩნევა. ყაპყაპები პატარა გუნდებად დაფრინავენ სადამკვირვებლო პლათფორმასთან და თავის ფერად ფრთებს გვაჩვენებენ.
სექტემბრის მესამე კვირა ბათუმის ერთ-ერთი მთავარი სანახაობისთვის საუკეთესო დროა. ეს ბოლოკარკაზის მიგრაცია გახლავთ. ეს იშვიათი გადამფრენი მტაცებელი აღმოსავლეთ ციმბირიდან მცირე რაოდენობით გადაუფრენს ბათუმს. ცოტაოდენი გამართლებით და BRC-ს გამოცდილი გამომთვლელების დახმარებით, შეიძლება ერთიც მოგყვეთ ხელში.
სექტემბრის დასასრულს ძალიან განსხვავებულ ფრინველთა მიგრაციას იხილავთ. ბოლოკარკაზები ჯერ კიდევ დაფრინავენ, უმეტესად ახალგაზრდა ფრინველები. უამრავია შავი ძერა და ჩია არწივიც, მაგრამ მიგრაციის მასას ეხლა ჩვეულებრივი კაკაჩა და არწივი წარმოადგენს. წელიწადის ამ დროს, რეკომენდირებულია გაატაროთ დრო შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე, სადაც უფრო აღმოსავლეთის მარშრუტით მიმართულ ფრინველების ჯიშებს წააწყდებით. სახალვაშოც გამოირჩევა რამდენიმე ფრინველით.
ჩვეულებრივი თვალშავი ან ძელქორი თითქმის მხოლოდ სახალვაშოს ტერიტორიაზე შეინიშნება. მათი რაოდენობა არაპროგნოზირებადია და ამინდზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგიერთ წლეებში რამდენიმე ათასსაც გადაუფრენია ერთ დღეში. ამ სადამკვირვებლო პლატფორმის განსაკუთრებულად კარგი ასპექტი სოციალური მხარეა. აქ მთელი ევროპის მოყვარულები და ასევე BRC-ს ფრინველთა მთვლელები იყრიან თავს, რომლებიც ძალიან კარგად არიან გაწვრთნილი ქორისებრნთა ამოცნობაში და არწივების ასაკის და სქესის დადგენაში. მტაცებელი გადამფრენების თვლა აქ თითქმის ათწლეულია მიმდინარეობს, რაც ძალიან გაგვიღრმავა ცოდნა შავი ზღვის აღმოსავლეთის სამიგრაციო მარშრუტზე.